სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლებას ლალი მოროშკინა სასამართლოში გაასაჩივრებს.
მისი განცხადებით, მისი გათავისუფლების უფლება არ ჰქონდათ, რადგან ის ხელშეკრულებით დაქირავებული თანამშრომელია და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მისთვის ორი კვირით ადრე უნდა ეცნობებინათ.
ლალი მოროშკინა ასევე უარყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მოროშკინამ, პრემიის სახით, 30 000 ლარი მიიღო და ასევე, პრემიის სახით, ყოველთვიურად 10 ათასი ლარი მოითხოვა.
როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენ" -ს განუცხადა, მან ფინანსებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დღეს დილით სახალხო დამცველის აპარატში შეიტანა, ხოლო ამ სტრუქტურასთან დაკავშირებულ სხვა სკანდლურ მასალებს დღესვე პრესკონფერენციაზე გაასაჯაროებს
ლალი მოროშკინა თანამდებობიდან გათავისუფლებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ დიმიტრი დარბაისელის წინააღმდეგ მის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირებს. საუბარია დეპარტამენტის ზოგიერთ თანამშრომელზე გაცემულ მაღალ პრემიებსა და ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საკითხზე.