ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით დავით სერგეენკომ "მაეტროს ცხრიანში" განაცხადა, მენინგიტის ეს სახეობა ვირუსული წარმოშობის არის და სპეციალისტებისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ საზოგადოებისთვის ალბათ - ნაკლებად.
"საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს თავდაცვა შემდგომი გავრცელებისგან. პირველ რიგში, წელიწადში ამ დაავადების რაოდენობა ყოველთვის იყო 150, ხოლო 4 წელიწადში ერთხელ ადის 300 შემთხვევამდე. სეზონი არის გაზაფხულ-ზაფხული. რაც შეეხება თავის დაცვას, ინფექცია არ არის აირწვეთოვანი, არ არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამის გავრცელების საშიშროება და არ არის საჭირო პირბადეების ტარება", -განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, ამ შემთხვევაში თავდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა ხელების დაბანა. "საერთო სარგებლობის ონკანზე ხელის დაბანასაც კი, თავისი წესი აქვს. დაბანის შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით უნდა გაიმშრალონ ხელი და ამავე ხელსახოცით დაკეტონ ონკანი, რათა დაუცველი ხელით შეხებისას ისევ არ გაჭუჭყიანდეს ხელი. ხელის დაბანა არის ძალიან პრინციპული, რადგან ხელის ზედაპირები ვირუსს საათების განმავლობაში ინახავს. ასევე მნიშვნელოვანია სკოლებსა და ბაღებში საერთო მოხმარების ჭურჭლის სწორი გარეცხვა და დაავადების კონტოლის ცენტრი ამ კუთხით ინტენსიურ კამპანიას აწარმოებს", -განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის განცხადებით, ვირუსული მენინგიტის მკურნალობის ხარჯებს, ეს პაციენტებს ფინანსურ ტვირთად არ დააწვებათ და მასზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა