,,ადგილობრივი წარმოების გარეშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წინ ვერ წავა, და მთავრობას ძალიან კარგად ესმის ეს", _განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, საქართველოში არის რესურსი, რომ თავად ვაწარმოოთ პროდუქცია და არ გვიწევდეს უცხო ქვეყნებიდან შემოტანა.
,,მეგობრებო, ადგილობრივი წარმოების გარეშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წინ ვერ წავა, და მთავრობას ძალიან კარგად ესმის ეს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი საწარმოების ამუშავებას და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის გაჩენას, ადამიანების დასაქმებას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლაპარაკი გვესმოდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზე, წლების განმავლობაში ვერა და ვერ მოხერხდა მცირე და საშუალო საწარმოების ქმედითი დახმარება, არ ხდებოდა მათი წახალისება და მხარდაჭერა. ამიტომაც, სრულიად ბუნებრივად, ბიზნესის ეს კატეგორია მსხვილ საწარმოებთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში აღმოჩნდა.ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ფიქრი, როგორ უნდა შეგვეცვალა ეს ვითარება და რა ნაბიჯები იქნებოდა საჭირო, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაგვეძლია ეს პრობლემა, ამავე დროს ბიზნესმენებისთვის მიგვეცა სტიმული საქართველოში წარმოების, და მათ შორის ტრადიციული წარმოების, განვითარებისა და აღორძინებისათვის. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი. საქართველოში არის იმის რესურსი, რომ ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ პროდუქცია და არ გვიწევდეს აბსოლუტურად ყველა პროდუქტის შემოტანა უცხო ქვეყნებიდან", _განაცხადა პრემიერმა.