სოხუმის აეროპორტს მოსკოვმა რუსეთის შიდა კოდი მიანიჭა.
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პრემიერ - მინისტრის სერგეი შამბას მტკიცებით, მალე სოხუმის აეროპორტი თანამედროვე სანავიგაციო სისტემით აღიჭურვება.
სერგეი შამბას განცხადებით, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ აფხაზეთში სამგზავრო და სატვირთო რეისების განხორციელების სურვილი უკვე გამოთქვა.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტით დაინტერესებას რუსი, თურქი და იორდანელი ბიზნესმენები გამოხატავენ.
მისივე თქმით, მოსკოვში მისი ახლანდელი ვიზიტის დროს მას შეხვედრები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მთავრობაში, უშიშროების საბჭოში და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სერგეი შამბა ასევე აცხადებს, რომ იგი მოსკოვში რამდენიმე სერიოზულ ბიზნესმენსაც შეხვდა, რომლებმაც აფხაზეთის მიმართებაში რიგი პროექტების გამო დაინტერესება გამოთქვეს.
"რამდენიმე მათგანს აქვს ძალიან საინტერესო წინადადებები სოხუმის აეროპორტთან მიმართებაში. ჩვენი აეროპორტით დაინტერესებულნი არიან იორდანიის, თურქეთისა და რუსეთი ბიზნესმენები", _ აცხადებს შამბა და ისეთი ფორმების გამოყენებას, როგორც არის აქციონერობა, ტენდერების გამოცხადება და სხვა არ გამორიცხავს. მისივე თქმით, მიმდინარე წელს ამ მიმართულებით კონკრეტული სამუშაოს დაწყება იგეგმება.
სერგეი შამბა ასევე აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციამ სოხუმის "საერთაშორისო" აეროპორტს საერთაშორისო კოდი მიანიჭა.
"ჩვენ გვჭირდება თანამედროვე ნავიგაციური სისტემა და სხვა ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა, რომელიც, სამწუხაროდ სოხუმის აეროპორტს დღეს არ აქვს. თუმცა ზოგიერთი ავიაკომპანიები უკვე დღეს არიან მზად გამახორციელონ სამოქალაქო და სატვირთო რეისები აფხაზეთში", _ განაცხადა შამბამ.
შეგახსენებთ, რომ იკაო-ს წესების თანახმად აფხაზეთიშთვის აღნიშNული კოდის მინიჭების უფლება მხოლოდ საქართველოს აქვს.