23 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება: შემოქმედებითი საღამო-კონცერტი, აუდიოალბომის ჩაწერა და გამოცემა, მასტერკლასი ანსამბლისთვის, მცირე გრანტი (მაქსიმუმ 1500 ლარი).
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქართული ხალხური მუსიკის ტრადიციული შემსრულებლობის მიმდევარი ფოლკლორული ანსამბლების დახმარება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მოღვაწე ახალგაზრდულ ფოლკლორულ ანსამბლებს. პროგრამაში მონაწილე ანსამბლის წევრების ასაკი განსაზღვრული არ არის. ერთსა და იმავე პირს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი განაცხადი.
მასტერკლასი ანსამბლისთვის ითვალისწინებს დროის დადგენილ მონაკვეთში შემოქმედებით ურთიერთობას საქართველოს რომელიმე კუთხეში მცხოვრებ ხანდაზმულ ლოტბართან ან ავთენტიკურ ანსამბლთან, მათი რეპერტუარის შესწავლისა თუ კუთხური თავისებურებების ათვისება-გათავისების მიზნით.
მცირე გრანტები ითვალისწინებს ხალხური მუსიკის შემსრულებლობის კუთხით, საინტერესო იდეისა თუ პროექტის შემოთავაზების შემთხვევაში ნაწილობრივ დაფინანსებას (მაქსიმუმ 1500 ლარი).
თითოეულ განაცხადს უნდა ახლდეს ანსამბლის შემოქმედებითი ბიოგრაფია, ვრცელი განმარტებითი ბარათი და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა.
განაცხადებას განიხილავს და პრიორიტეტებს ადგენს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია, რომელსაც ცენტრის დირექტორი ხელმძღვანელობს.
პროგრამაში მონაწილეობის პრეტენდენტი ანკეტას ავსებს ელექტრონულად, მისამართზე www.folk.ge