რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელმა იგორ გირკინმა თავი დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მთავარსარდლად გამოაცხადა და პირველი განკარგულებაც გამოსცა. ფურცელზე დაბეჭდილი განკარგულება კრამატორსკსა და სლავიანსკში დაარიგეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ნოვოსტი დონბასა" ავრცელებს.
განკარგულების მიხედვით, გირკინმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი ყველა ძალოვანი უწყება თავის თავს დაუქვემდებარა, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა, ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებს „კიევის ხუნტის" მეთაურთა (პარუბიი, ავაკოვი, ტურჩინოვი, იანცენიუკი, ტიმოშჩენკო და სხვ.) და აშშ მოქალაქეების მიმართ (ბრენანი, ნულანდი, ფსაკი) სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება დაავალა, ყველა უკრაინელი სამხედრო „რესპუბლიკის ტერიტორიაზე" კანონგარეშედ გამოცხადა და „ნატოს" მხრიდან ინტერვენციის შესაძლო განხორციელების გამო რუსეთის ფედერაციას სამხედრო დახმარება სთხოვა.