სეპარატისტულ აფხაზეთში აფხაზეთის ე. წ. მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უძრავი ქონების პრივატიზაციის საკითხის კომენტირებისას ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ "დღევანდელ მსოფლიოში, ჩაკეტვა არაეფექტური, არაპროდუქტიული და არარეალურია".
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში აფხაზეთის ე. წ. მოქალაქეობის არმქონეებს არ აქვთ უფლება აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენისა, ისინი მაინც ახერხებენ კანონის გვერდის ავლით ამის გაკეთებას.
"ამიტომაც უკეთესი იქნება, თუკი ამ პროცესს დავაკანონებთ, მას კონტროლს დავუქვემდებარებთ და არ მივცემთ საშუალებას ჟულიკებს, აფერისტებს და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ხელი მოითბონ", _ აცხადებს შამბა და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა "საჭიროა ძალიან სერიოზული კონტროლი იმაზე, თუ ვის ექნება უფლება აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენისა და ვის უნდა მიენიჭოს აფხაზეთის მოქალაქეობა".
"ისეთ საკურორტო რეგიონში, როგორიცაა აფხაზეთი ყოველთვის იქნება საცხოვრებელზე მოთხოვნილება. ხოლო როდესაც არსებობს მოთხოვნილება, მოიძებნება ისეთი ხალხი რომლებიც ეძებენ ყოველგვარ არაკანონიერ გზას", _ აცხადებს შამბა.