ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი იმ ოპოზიციონერი კოლეგების გადაწყვეტილებას, რომლებიც დღევანდელ შეკრებაზე ნოღაიდელის ფაქტორის გამო არ მივიდნენ, არასერიოზულად მიიჩნევს.
"არა მგონია, ჩემმა სერიოზულმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ გადაიფიქრეს, რომ მას ნოღაიდელი ესწრებოდა. რადგან, როცა საჭიროდ ჩაითვალა, ოპოზიცია მოდულის შენობაში ჯალათ სააკაშვილსა და უარეს ჯალათს, მერაბიშვილს შეხვდა", - განუცხადა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი შეფასებით, "დიდ ოპოზიციურ შეკრებაზე", რომელიც "ლეიბორისტების" ინიციატივით დღეს გაიმართა, სააკაშვილისა და მერაბიშვილის მსგავსი ჯალათი არავინ იყო.
შეგახსენებთ, რომ "დიდ ოპოზიციურ შეკრებაში" მონაწილეობაზე ზოგმა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა უარი სწორედ იმის გამო თქვა, რომ შეხვედრას ყოფილი პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელიც ესწრებოდა.