ENG / RUS       12+

ლევან იზორია: კანონმდებლობაში კონკრეტული ჩანაწერი, რომ ჟურნალისტი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებოდეს არ არსებობს

რესპოდენტის შესახებ

შსს მინისტრის მოადგილე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ ვითარებას ,,ნაციონალების" მხრიდან წინასაარჩევნოდ აგორებულ აჟიოტაჟს უკავშირებს


ტელეკომპანია ,,რუსთავმა-2"-მა მორიგი ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც პოლიტიკოსებისა და ბიზნემენების სატელეფონო საუბრებია ასახული. ,,ნაცმოძრაობა" კი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს. კონკრეტულად რაზე მიუთითებს არსებული ფარული ჩანაწერები, რამდენად დაცულია საზოგადოება უკანონო მიყურადებისგან და აქვს თუ არა მედიას ფარული ჩანაწერების გასაჯაროვების უფლება ან ვალდებულება? ,,ჯი-ეიჩ-ენს" შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ესაუბრა, რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ,,ნაციონალების" მხრიდან წინასაარჩევნოდ აგორებულ აჟიოტაჟს უკავშირებს.

ლევან იზორია: თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარების პირობებში მარტო სუვერენულ სახელმწიფოს არ აქვს მონოპოლია მოსასმენ ტექნიკაზე კანონიერი მოსმენების თვალსაზრისით, რადგან ტექნიკა ისე განვითარდა, რომ სუვერენულ სახელმწიფოში ზოგჯერ სხვა სახელმწიფოებს, მათ შორის კერძო პირებსაც კი აქვთ მოსმენის შესაძლებლობა ე.წ. პორტაბელური აპარატურის, ანუ ხელით გადასატანი აპარატის საშუალებით. სხვათა შორის ამ აპარატურის ხილვა ღია წყაროს საშუალებით ინტერნეტშიც შეგიძლიათ. ჩვენ აღნიშნული აპარატურის შესახებ ინფორმაციას ვფლობდით და ეს არ გაგვიჟღერებია არც გუშინ და არც გუშინწინ, არამედ 2013 წლის 20 აპრილს თავად მაშინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საკითხზე საჯაროდ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობდა პორტაბელური აპარატურის შეძენის ფაქტები და ამას ადასტურებს წინა ხელისუფლების დროს შსს თანამშრომელთა ჩვენებებიც. თუმცა ახლა ეს აპარატურა დაკარგულია და შესაბამისად ჩნდება კითხვები, ეჭვები - ხომ არ იყენებენ ამ აპარატურას ისევ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები? აქედან გამომდინარე, ის ჩანაწერები, რომელიც გუშინ (რუსთავი 2-ის გადაცემა - „განსხვავებული აქცენტები", ავტ.) გაჟღერდა არამც და არამც, ცალსახად არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ხორციელდება ფარული მოსმენები, არამედ კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვს, რომ ეს არის თემის წინასაარჩევნოდ აგორება. სწორედ ამ ადამიანების ხელოვნების შედეგია ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების დეგრადირება და ავტორიტარული რეჟიმისკენ მიმართვა. ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და ჩვენი პოლიტიკა მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისკენ, გამჭვირვალეობისკენ. შესაბამისად ამ ყველაფერს წინასაარჩევნოდ აგორებულ აჟიოტაჟსა და ე.წ. ფონის შექნას დავარქმევდი.

- ბატონო ლევან, ფიქრობთ, რომ ის რაც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ხდება, შესაძლოა, ,,ნაცმოძრაობის" წევრების მხრიდან პოლიტიკური ანგაჟირების საფუძველი იყოს?

- რასაკვირველია. მე გუშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ე.წ. პორტაბელური აპარატურით შესაძლებელია მეც მომისმინონ, თქვენც მოგისმინონ და მეტსაც გეტყვით - ვიღაცამ შეიძლება ჩემს მიერ განხორციელებული ზარი ჩაიწეროს. ეს არის მათი სტილი და ამ მეთოდებით აგრძელებენ მუშაობას და ქულების ჩაწერას.

- ,,ნაცმოძრაობა" ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მოწვევას სთხოვს. თქვენ ხედავთ უშიშროების საბჭოს შეკრების საჭიროებას?

- ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ უშიშროების საბჭოს მოწვევის. არსებობს პროკურატურა, რომელიც ამ ყველაფერს ობიექტურად გამოიძიებს.

- მთავარმა პროკურატურამ მედიასაშუალებები, მათ შორის ,,რუსთავი- 2" გააფრთხილა, რომ პირადი საუბრების ჩანაწერების გავრცელება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. თქვენ როგორც შს მინსიტრის მოადგილე რას ფიქრობთ, აქვს თუ არა მედიას ფარული ჩანაწერების გავრცელების უფლება?

- არსებობს სხვადასხვა პრაქტიკა. მედიის როგორც თავისუფალი ინსტიტუტს დამოუკიდებლობა ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტს აძლევს ამგვარი ინფორმაციის მოპოვების და გასაჯაროების შესაძლებლობას. თუმცა ჩვენთან, კანონმდებლობაში კონკრეტული ჩანაწერი, რომ ჟურნალისტი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებოდეს არ არსებობს, მაგრამ არსებობს ასეთი ზოგადი მიდგომა და პრინციპები, შესაბამისად ასეთი პრაქტიკაც, რომელსაც ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით. თუმცა ვამბობ, რომ ე.წ. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში კონკრეტული პიროვნების როგორც მტკიცებულების წარმოდგენა მეტ დამაჯერებლობას მისცემდა მათ არგუმენტებსაც, მაგრამ ასეთი არ არის. შესაბამისად საზოგადოებას უჩნდება ლოგიკური კითხვები და ეჭვი იმის შესახებ რომ ეს ყველაფერი ხომ არ არის სპეციალურად მათ მიერ დადგმული და ეს ასეც ჩანს.

,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

ავტორი: . .