სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას პროკურატურაში გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, გვარაიმიას მის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ დამატებით დაკითხავენ.
შეგახსენებთ, რომ გვარამია საგამოძიებო უწყებაში გუშინ იყო დაბარებული, თუმცა დაგეგმილი დღის გამო, ჩვენების მიცემას დღეს გეგმავს."რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 9 მაისს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხელისუფლებას ჯოჯოხეთის მოწყობას და იმ ფარული ჩანაწერების გასაჯაროებას დაჰპირდა, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ მაღალჩინოსნებს გადაუღო.როგორც გვარამიამგანაცხადა, "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობას ეჭვი ჰქონდა, რომ მათთან დაკავშირებული ჩანაწერები კეთდებოდა სწორედ ტელეკომპანიის დაცვის სამსახურის ხელშეწყობით და ამიტომაც გაათავისუფლეს სამსახურიდან "რუსთავი 2"-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თეიმურაზ კოვზიაშვილი.
"ჩვენი ვერსია იყო, რომ ეს კეთდებოდა დაცვის ჩართულობით, სახელმწიფომ გააკეთა, კონკურენტმა თუ სხვამ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ შიდა ჩართულობის გარეშე რომ არ მომხდარა, ცხადია. ამიტომ გავათავისუფლე კოვზიაშვილი. რომელი დაცვის უფროსი რჩება თანამდებობაზე, როდესაც უფროსის კაბინეტში სათვალთვალო მოწყობილობას აღმოაჩენენ?! თუ შეთანხმებული ვიყავი კოვზიაშვილთან, მან ყველაფერი მითხრა და შემდეგ ვუთხარი "დაიკიდე", არ შეიმჩნიო-მეთქი, ასეთ აგენტს ვინ უშვებს სამსახურიდან?! რაიმე ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს. იმედია, ადამიანები ამაზე დაფიქრდებიან. რაც შეეხება ხელისუფლებას, პირობას ვაძლევ, მათ შორის პროკურატურაში ვინც კერავს ამ საქმეს, ხელისუფლებაში ახლა ამ საქმეების შეკერვით ვინც არის დაკავებული, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ როგორც ერთი ჩემი მეგობარი შეგპირდათ, ჯოჯოხეთს მოგიწყობთ ნამდვილად! ყველაფერი გამოაშკარავდება თავის დროზე, ამაზე უარესი ამბები გამოაშკარავებულა. მე ამას გპირდებით და მერე რას მოიფიქრებთ, ძალიან მაინტერესებს! თქვენი საკუთარი მაღალჩინოსნები რომ გყავთ ჩაწერილი, იმას რომ მოგასმენინებთ, მაშინ რას იტყვით?!", - განაცხადა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ აინტერესებს, ამ შემთხვევაში "რუსთავი 2"-ს დაბრალდება თუ არა ფარული ჩაწერები და მოსმენები და მათი დამონტაჟება.