პარლამენტი გია თორთლაძის კანონპროექტის, "თავისუფლების ქარტიის" განხილვას იწყებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ გაცხადდა, რაც თორთლაძემ კიდევ ერთხელ გააპროტესტა ის ფაქტი რომ მისი ინიციატივის განხილვის დაწყება გვიანდება.
"არ ვიცი ამ ინიციატივის უგულვებელყოფა ხდება თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ დაპირების მიუხედავად კანონპროექტის განხილვის დაწყებას არა და არ დაადგა საშველი", - განაცხადა თორთლაძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა კი განაცხადა, რომ იურიდიულმა კომიტეტმა წინა კვირას სხდომის ჩატარება ვერ მოახერხა იმის გამო, რომ წევრები მივლინებაში იმყოფებოდნენ და თორთლაძეს განუმარტა, რომ "კომიტეტი ამ კვირაში აუცილებლად შეიკრიბება და ამ კანონპროექტსაც განიხილავს".
თორთლაძის "თავისუფლების ქარტია" წარმოადგენს პატრიოტის აქტისა და ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტების ნაერთს. ორივე ინიციატივა თორთლაძემ ჯერ შემოიტანა და შემდეგ უკან გაიწვია. გაერთიანებული სახით განხილვა კი ახლა იწყება.