8 მაისს, ფინანსთა სამინისტროში მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის რიგით მეხუთე სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
კომისიის წევრებმა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისგან, მერი დაუშვილისგან, რომელიც ასევე სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა, მოისმინეს ინფორმაცია 2013-2014 წლებში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ.
სხდომაზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა კომისიის წევრებს დასამტკიცებლად წარუდგინა მოსახლეობის აღწერის კითხვარი. კითხვართან ერთად კომისიამ ასევე დაამტკიცა აღწერის პროგრამის ახალი ვარიანტი.
სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს აღწერასთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო საკითხები.
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერა 5-19 ნოემბერს ჩატარდება. წინასწარი მონაცემები 2015 წლის აპრილში გახდება ცნობილი, საბოლოო კი 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება.