კომპანია "ელიტ ელექტრონიქსს" საგადასახადო დავალიანების გადახდა მაინც მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მასზე დაკისრებული საურავების შესახებ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა, საბოლოო "ამნისტიას" მაინც ვერ მიაღწია.
როგორც ცნობილია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა კომპანიას საგადასახადო შემოწმების შედეგად 2007 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადების და საურავის სახით, 6 მლნ 225 ათას 339 ლარი დაეკისრა. ამის შემდეგ კომპანიამ აღნიშნული, შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში გაასაჩივრა, საბჭომაც მისი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გადასახადელი თანხის მოცულობა 2 მლნ 491 ათას 124 ლარით შეუმცირა. იმავდროულად, "ელიტ ელექტრონიქსს" დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება გადასახდელი თანხის თავიდან დაანგარიშება.
უკვე ცნობილია, რომ „ელიტ ელექტრონიქსის" საგადასახადო დავის დასრულებამდე ფინანსთა სამინისტრო იძულებით ღონისძიებებს არ მიმართავს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თებერვალში განაცხადა, გადასახადი ყველა გადამხდელმა უნდა გადაიხადოს.
„შემოწმდა „ელიტ-ელექტრონიქსი". 2007 წელი არის ის პერიოდი, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო საგადასახადო შემოწმება. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია „ელიტ ელექტრონიქსის" ხელმძღვანელობასთან. კომპანია ასაჩივრებს აღნიშნულ საკითხს. თუმცა დავის დასულებამდე ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური იძულებით ღონისძიებებს არ მიმართავს და კომპანია ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ", - განმარტა ნოდარ ხადურმა „ელიტ ელექტრონისის" საკითხის კომენტირებისას.
გარდა შემოსავლების სამსახურისა "ელიტ ელექტრონიქსთან" პრეტენზიები აქვს მის ყოფილ მფლობელს ანზორ ქოქოლაძეს, რომელსაც მიაჩნია, რომ რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი კომპანიის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
"აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ბოლოს შემოსავლების სამსახურმა მოახდინა კომპანიის გეგმიური შემოწმება. საგულისხმოა, რომ შემოწმებულ პერიოდში კომპანიას მართავდა ძველი მენეჯმენტი, კერძოდ ანზორ ქოქოლაძე და მისი ოჯახი. შემოწმების შედეგად კომპანიას დაერიცხა გადასახადი და სანქცია-საურავები რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობით. ამ ეტაპზე დარიცხული თანხების (საურავის) მნიშვნელოვანი ნაწილი შემცირებულია, და მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული სამუშაო პროცესი დარჩენილი ნაწილის შემცირებისაკენ შემოსავლების სამსახურის მიერ. ქოქოლაძის გაღიზიანებას სავარაუდოდ იწვევს ის გარემოება, რომ მისი მენეჯმენტის პერიოდში დარიცხული ფინანსური სანქციის გამო შესაძლოა, კიდევ ერთხელ დადგეს მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. აქვე აღვნიშნავთ, რომ რადგან დარიცხვა შეეხებოდა ქოქოლაძის მენეჯმენტის პერიოდს, დარიცხულ თანხებზე განმარტებების მისაღებად შედგა შეხვედრა ყოფილ მენეჯმენტთან, გავაცანით და გადავეცით დარიცხვის აქტიც. დღემდე არანაირი საქმიანი განმარტება მათგან არ მიგვიღია გარდა ამ პროვოკაციული განცხადებებისა"- აღნიშნულია "ელიტ ელექტრონიქსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც კომპანიამ მარტში გაავრცელა.