საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის საკითხზე იმსჯელებენ. აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელის განმარტებით, ბაქო-თბილისი-ყარსის თემა „თბილისის სამიტი 2014"-ზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, სამიტზე ქვეყნებს შორის ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგებს განიხილავენ.
სამივე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების შესახებაც იმსჯელებენ. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტების სამმხრივი და ორმხრივი შეხვედრები.
"თბილისის სამიტი 2014" საქართველოს პრეზიდენტის თურქეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტებისას დაიგეგმა.
რაც შეეხება თავად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს მისი გახსნა 2015 წლისთვის იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი არის ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ხაზებს.
პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ, რომელიც საბოლოოდ გამორიცხავს საზღვაო გზით გადაზიდვის საჭიროებას მას მერე, რაც სტამბულში, ფოსფორის სრუტეში გამავალი რკინიგზის გვირაბის მშენებლობა დასრულდება. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით ასევე შესაძლებელი იქნება დერეფნის გახსნა, რომელიც რუსეთს თურქეთთან დააკავშირებს. ამ ხაზით მოხდება როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაყვანები და ის მოიაზრება როგორც ალტერნატიული სატვირთო ტრანსპორტირების გზა ირანიდან მომავალი არსებული სატრანზიტო გზების ნაცვლად.
ბაქო_თბილისი_ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს და იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა - ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.
თურქეთსა და ცენტრალურ აზიას შორის გაზრდილი ვაჭრობა უზრუნველყოფს მნიშვნელოვან შესაძლებლობას სავაჭრო ნაკადის მოსაპოვებლად, კერძოდ ცენტრალური აზიიდან თურქეთში იმპორტირებული ნედლეულისა და თურქეთიდან ექსპორტირებული პროდუქციის. თურქულ-რუსული ვაჭრობის გათვალისწინებით, მენეჯმენტის აზრით, არსებობს დამატებით მოცულობის მოპოვების შესაძლებლობა, კერძოდ მშრალი ტვირთის, რომლის გადაზიდვაც ამჟამად ირანის, ან რუსულ-შავი ზღვის გზით ხდება.
შეგახსენებთ, რომ კასპიის რეგიონის წლის საუკეთესო პროექტად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი დასახელდა.