ამ წუთებში, "თბილისი - მარიოტში" "ლეობორისტების" მიერ ინიცირებული ოპოზიციის კრება მიმდინარეობს. შეხვედრას "ლეიბორისტული" პარტიის წევრების გარდა სხდომას ესწრებიან: ეროვნული საბჭოს სრული შემადგენლობა, "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ეკა ბესელია, სანდრო ბრეგაძე, გია ცაგარეიშვილი, გოგა ხაინდრავა, კოკა გუნცაძე, კობა დავითაშვილი, გუგული მაღრაძე, ზვიად ძიძიგური, ელიზბარ ჯაველიძე, გია ჟორჟოლიანი, ნოდარ ნათაძე, მამუკა გიორგაძე და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
სხდომის მონაწილეები "იმედზე" გასულ "მოდელირებულ ქრონიკას" განიხილავენ. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციურმა სპექტრმა ამ ფაქტს სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს.
სხდომაზე მამუკა გიორგაძე ინიციატივით გამოვიდა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს ოპოზიციონერების ერთმანეთთან ურთიერთობების ეთიკის ნორმებს. მისი თქმით, აუცილებელია ოპოზიციაში არსებობდეს პრინციპების და შეხედულებების პაექრობა და არა კონკრეტული ადამიანების ბრძოლა.
აღნიშულ ინიციატივას სხდომის მონაწილეთა უმრავლესობა მიესალმა. ნათელაშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით პოლიტიკოსებს ჟურნალისტებმა აჯობეს, რადგან მათი ქცევის კოდექსი უკვე არსებობს, ხოლო პოლიტიკოსთა ქცევის კოდექსზე საუბარი ახლა იწყება. "ხალხის პარტიის" ლიდერის კობა დავითაშვილის თქმით კი, ეროვნულ საბჭოში შემავალი პოლიტიკური პარტიები 30 მაისამდე არათუ თავს დაესხმებიან სხვა ოპოზიციონერ ლიდერებს, არამედ მათ თავდასხმებსაც კი არ უპასუხებენ.
შეკრებას "ქრისტიან-დემოკრატები" და "ეროვნული ფორუმი" არ ესწრებიან. ამის მიზეზად აღნიშნულ შეხვედრაში ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~ ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის მონაწილეობას სახელდება. ასევე არ მონაწილეობს "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია და "საქართველოს გზის" ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი. E