ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძის მეუღლე ნინო სუთიძე განმარტებას აკეთებს და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება სამართლიანად წარიმართება. როგორც ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში ნინო სუთიძემ განაცხადა მას დავით კოდუა ქონების დათმობას პირადად სთხოვდა.
" ჩემი მეუღლე იყო სამშენებლო კომპანია „ტიფლის დეველოპმენტის" დამფუძნებელი, ბიზნესი იყო ჩემს სახელზე. დავით კოდუამ პირადად დამირეკა და წილი სიმბოლურ ფასად, აღარ მახსოვს 2 ლარად თუ 100 ლარად დაგვათმობინა, გვაჩუქებინა ფაქტიურად. დავით კოდუამ გიორგი ზაქაიძესთან ერთად დაგეგმა ყველაფერი და შემსრულებელი იყო ერეკლე კოდუა. სოდის თანამშრომლები შემოგვივარდნენ სახლში და ნარკოტიკი ჩაგვიდეს. რის გამოც მან ციხეში სამი თვე გაატარა", - განაცხადა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სუთიძემ.
სუთიძე, უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ცემის დროს მისმა მეუღლემა ნიღაბი გამოიყენა.
., მასკებით იყოო ამბობენ რაც არის ტყუილი. მასკებით ვინც მიდის საცემად ის პოლიციაში არ გამოცხადდება და დანაშაულს არ აღიარებს", _აცხადებს სუთიძე.
შეგახსენებთ, რომ დავით კოდუას აბაშიძის ქუჩაზე თავს გუშინ დაესხნენ. კოდუა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონ „ლედი შარმიდან" გამოდიოდა, როდესაც დაუდგენელი პირები მას თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
გუშინვე შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით.