,,ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია'' ეხმიანება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, ირაკლი ოქრუაშვილის მერობის კანდიდატად რეგისტრაციის გაუქმებაზე.
ასოციაცია მიიჩნევს, რომ ცესკოს განკარგულება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი გორის საოლქო საარჩევვნო კომისიის 19 აპრილის გადაწყვეტილება ბ-ნი ირაკლი ოქრუაშვილის რეგისტრაციის თაობაზე, საარჩევნო კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია.
უნდა აღინიშნოს, რომ თუ დაინტერესებული პირები გორის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებდნენ, შესაძლებელია ამ პრობლემის დაფიქსირება არც მომხდარიყო, რამეთუ მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით, საოლქო საარჩევნო კომისიების განკარგულებების გადამოწმებას ცესკო მხოლოდ თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე ახდენს. გამომდინარე აქედან, მიგვანჩნია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას.
როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ირაკლი ოქრუაშვილი დარეგისტრირდა გორის მერობის კანდიდატად, თუმცა რეგისტრაციის შესახებ განკარგუკლება ცესკოში „სახალხო პარტიისა" და „სამართლიანი საქართველოს" წარმომადგენლების მიერ გასაჩივრდა იმ დასაბუთებით, რომ საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის ჩანაწერი, კანდიდატს ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრების ვალდებულებას უდგენს. ბ-ნი ირაკლის შემთხვევაში კი, იქიდან გამომდინარე, რომ იგი 2012 წლის აპრილიდან 2012 წლის ნოემბრამდე არ იმყოფებოდა საქართველოში, აღნიშული მოთხოვნა ვერ კმაყოფილდებოდა. აღნიშული არგუმენტაცია ცენტრალურმა საარცევნო კომისიამ გაითვალისწინა და რეგისტრაციის გადაწყვეტილება ბათილად ცნო.
ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია ძირითადი პრობლემა, იმ ნორმის განმარტება, რომელიც ადგენს ქვეყანაში ცხოვრების ცენზს კანდიდატისთვის. ასოციაციის აზრით, ბ-ნი ირაკლი ოქრუაშვილის არგუმენტი იმის შესახებ, რომ პირის ცხოვრების ადგილად მიჩნეული უნდა იყოს მისი რეგისტრაციის ადგილი, ნორმის მიზანთან შესაბამისობაში არ მოდის. პირის საცხოვრებელ ადგილად მისი რეგისტრაციის ადგილის ჩათვლა ალოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ პირს ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, ნებისმიერი დროის მონაკვეთით გადაადგილება, მისი რეგისტრაციის მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებით არანაირ ვალდებულებას არ წარმოშობს. შესაბამისად, პირს შეუძლია მისი რეგისტრაციის ადგილი მიატოვოს გაურკვეველი ვადით და ფაქტობრივად სხვა ადგილზე იცხოვროს. სწორედ ამ ფაქტობრივ ცხოვრებას უკავშირებს კანონმდებელი ნორმით დადგენილ ცენზს.
მეორე არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ბ-ნი ირაკლი ოქრუაშვილი განაცხადებს, რომ მისი ქვეყნიდან გასვლა არ იყო, საკუთარ თავისუფალ ნებაზე დამოკიდებული, ასოციაცია აღნიშნავს, რომ ცენზის დადგენისას კანონმდებლის მთავარი მიზანი იყო ცხოვრების ფაქტის არსებობა რაც განიხილება ერთგვარ გარანტიად, რომ კანდიდატი იცნობს და დაახლოებულია იმ გარემოსთან სადაც ტარდება არჩევნები. გამომდინარე აქედან, არათუ სამართლებრივად არ არსებობს ამ ცენზის ე.წ „საპატიო მიზეზით" დაკმაყოფილების საფუძვლები, არამედ შინაარსობრივადაც გაუმართლებელი იქნებოდა ნორმის ამგვარი განმარტება და გამონაკლისის დაშვება.
ასოციაცია იმედოვნებს, რომ პარლამენტისა და ცესკოს მიერ საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფაზე მუშაობით, აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც შემდგომში ცალკეული ნორმების არასწორად და ორაზროვნად განმარტების შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს.