ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების დასკვნა, რომლებმაც საქართველოს მიერ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უნდა შეაფასონ, დადებითი იქნება.
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების თბილისში ვიზიტის მიზანს საქართველოს, როგორც ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასება წარმოადგენს. ჩვენ ამ მიმართულებით მუდმივად პროგრესი გვაქვს. საქართველოს ორგანიზაციის წინაშე ნაკისრი თითქმის ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს, რისთვისაც ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე.
აღნიშნულ კონტექსტში, კალანდაძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მათიას იორშსა და კასტრიო ისლამს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ობიექტურ და სრულფასოვან ინფორმაციას მიაწვდიან.
"ჩვენ მათ ობიექტურ და სრულფასოვან ინფორმაციას მივაწვდით, რათა მათი შესაბამისი დასკვნა, რომლითაც მათიას იორში და კასტრიო ისლამი მოგვიანებით ევროსაბჭოს წინაშე მოხსენებით წარდგებიან, დადებითი იყოს", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდნენ.