ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აპრილში მსოფლიოს 21 ქვეყანაში 3 476 935 (0,75 ლ) ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.
სულ 2014 წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტმა 26 ქვეყანაში 18 965 119 ბოთლი შეადგინა, რაც 180%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ლატვია, სადაც რუსეთი ლიდერობს 70%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში. ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის აპრილის მდგომარეობით 13 313 742 (0.75ლ) ბოთლი შეადგინა. ექსპორტის მოცულობით მე-6 და მე-7 ადგილზეა, შესაბამისად, ჩინეთი და ლიტვა.
იანვარ-აპრილის მონაცემებით, ექსპორტირებულია 62 173 917 აშშ დოლარის პროდუქცია, რაც 215%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ამასთან, აპრილის თვეში ექსპორტირებულია 492 528 (0,5ლ) ბოთლი ბრენდი, ხოლო სულ იანვარ-აპრილში ბრენდის ექსპორტმა 4 382 119 (0,5ლ) ბოთლი შეადგინა. იანვარ-აპრილის მდგომარეობით, ბრენდის ექსპორტმა თანხაში 15 963 308 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 84%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს უკრაინა, სადაც აპრილის მდგომარეობით ექსპორტირებულია 2 547 720 ბოთლი. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილს იკავებს რუსეთი, სადაც იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია 1 570 506 ბოთლი ბრენდი.