დღეს, 1-ელ მაისს, TNT, DHL და FEDEX საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინ გამართავენ საპროტესტო აქციას დილის 11:30 საათიდან 13:30 საათამდე. ორი საათის განმავლობაში ეს კომპანიები შეაჩერებენ საქმიანობას და დააფიქსირებენ „საფოსტო კავშირის შესახებ" კანონპროექტის მიმართ უკიდურესად უარყოფით დამოკიდებულებას.
მათი განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი „საფოსტო კავშირის შესახებ" გადამზიდავი კომპანიებისთვის გაუმართლებელ შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. წარმოდგენილი კანონპროექტი უარყოფით გავლენს მოახდენს ბაზრის ამ სეგმენტზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობაზე.
შემოთავაზებული რეგულაციები პირდაპირ ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველო - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. აღნიშნული რეგულაციების შემოღება საქართველოს ბაზარზე მოქმედი საერთაშორისო კომპანიების -TNT, DHL, FEDEX და ორმოცამდე სხვა კომპანიის საქმიანობაში სერიოზულ ბიუროკრატიულ ბარიერად იქცევა. შედეგად ამ კომპანიების საქმიანობა საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოსაც. მსგავსი ქმედება დააზიანებს საქართველოს ეკონომიკას და ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს. - აცხადებენ კომპანიების წარმომადგენლები.