საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კომპანია ROYAL PHILIPS-ის აღმასრულებელ დირექტორს ჰარი ჰენდრიკსს (Harry Hendriks) და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საგადასახადო და საინვესტიციო გარემოზე, დონორებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებზე, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე.
კომპანია ROYAL PHILIPS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დადებითად შეაფასა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და ხაზი გაუსვა ქართულ მხარესთან გამართული მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას. როგორც შეხვერაზე აღინიშნა, კომპანია დაინტერესებულია ინვესტირებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ენერგოეფექტური განათების სისტემები, ინოვაციური ჯანდაცვა და სხვა, რისთვისაც ROYAL PHILIPS-ი გეგმავს კავკასიაში, კერძოდ საქართველოში რეგიონალური ოფისის გახსნას.
ფინანსთა მინისტრმა იმედი გამაოთქვა, რომ კომპანია უახლოეს პერიოდში წარმატებით დაიწებს კონკრეტული პროექტების განხორციელებას საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ინვესტიციების მოზიდვას.
ROYAL PHILIPS-მა კავკასიაში რეგიონალური ოფისის გახსნა 2014 წლის იანვარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა.
კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოსვლას 2013 წელს დავოსში პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განიხილავდა და საბოლოოდ, საქართველოში სერვის-ცენტრის გახსნა გადაწყვიტა, რომელიც არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც კომპანიის პროდუქციის დისტრიბუციას და სერვისებით მომსახურებას უზრუნველყოფს.
მასალის გამოყენების პირობები