დათა ახალაია მაშინ დააკავეს, როდესაც ის ოთარ ურუშაძის სახელით, იტალიაში გადასვლას ცდილობდა.
ამის შესახებ პატრასის პოლიციის წარმომადგენელმა "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია მათმა განყოფილებამ დააკავა.
სატელეფონო ინტერვიუში განყოფილების წარმომადგენელი კუდ-ის ყოფილი უფროსის აყვანის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ ახალაია მაშინ დააკავეს, როდესაც ის ოთარ ურუშაძის სახელით, იტალიაში გადასვლას ცდილობდა.
ბერძნული პოლიციის თანამშრომლის ცნობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ამ დროისთვის პატრასის ციხეში წინასწარ პატიმრობაშია. ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია საქართველოს საელჩო.
"ეს პიროვნება ნამდვილად ჩვენმა განყოფილებამ დააკავა. მას აღმოაჩნდა ყალბი დოკუმენტები და იტალიაში გადასვლას ცდილობდა. ჩვენ ის დავაკავეთ, შემდეგ გავარკვიეთ მისი ნამდვილი სახელი, გვარი და სრული ვინაობა. საქართველოს მისი ექსტრადირება სჭირდება, თქვენ თვითონაც კარგად იცით თუ რატომ. ასე რომ, ის ახლა დაკავებულია და ციხეში ზის. ის არის პატიმარი პატრასის ციხეში. მე ვერ გეტყვით წინასწარ პატიმრობის ვადას, შეიძლება ეს იყოს 40 დღე, მეტი ან ნაკლები. რაც შეეხება ექსტრადირებას, მე ამაზე დაწვრილებით ვერ ვისაუბრებ, თუმცა გეტყვით, რომ რადგან ის საქართველოს მოქალაქეა, ჩვენ მისი დაკავების შემდეგ საქმის კურსში ჩავაყენეთ საქართველოს საელჩო. შევატყობინეთ დაკავების ფაქტი და გადავუგზავნეთ დოკუმენტები, მათ შორის სამგზავრო დოკუმენტები. დაკავებულის ზუსტი ვინაობა სწორედ საელჩოს დახმარებით დავაზუსტეთ, რომ ეს დავით ახალაია იყო და მათ გვითხრეს, რომ ამ ადამიანს პრობლემები ჰქონდა ქართველ სამართალდამცავებთან. ინტერპოლს რაც შეეხება, ჩვენ საქმის კურსში ვართ, რომ მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, თუმცა ამაზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით", - განაცხადა პატრასის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.