საქართველო-ისრაელის ურთიერთთანამშრომლობისა და უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს შორის გამართულ შეხვედრაზე.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა გიდეონ საარს საქართველოში ვიზიტისთვის, რაც, მისი თქმით, კიდევ ერთი დადასტურებაა ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებისა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისტორიული უწოდეს გადაწყვეტილებას ორმხრივი უვიზო რეჟიმის შესახებ. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროში, ასევე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ არსებულ შეთანხმებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეხვედრას ისრაელის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ნეთანელ იზააკი, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები