საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვია. ქვეყნის პირველი პირი ორი დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის მუშაობაში, რომელიც პრაღაში 24-25 აპრილს გაიმართება.
სამიტის დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილმა პირველი ორმხრივი შეხვედრა მოლდოვის პრეზიდენტთან ნიკოლაი ტიმოფტისთან გამართა. საუბრისას მხარეებმა საქართველოსა და მოლდოვას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობამ აღმოსავლეთ პარტნიორობაში ჩაბმის შემდეგ ახალი იმპულსი შეიძინა.
შეხვედრისას ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 2014 წელი ორივე სახელმწიფოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მოლდოველ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით წარსდგება. ასევე დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის ორმხრივი შეხვედრები სამიტში მონაწილე ყველა ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელთან.
მასალის გამოყენების პირობები