საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ორგანიზებასა და დაკვეთაში ერეკლე კოდუას ბრალეულობა სასამართლოშიც დადასტურდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თინა ხიდაშელმა მთავარი პროკურატურის განცხადების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კერძოდ, მთავარმა პროკურატურამ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს ბრალი დაუმძიმა.
ხიდაშელის თქმით, საქართველოში ქართველი მაღალჩინოსნების მონაწილეობით თუ დავალებით ანგარიშსწორება ხდებოდა უსასტიკესი ფორმით და ამ მაღალჩინოსნებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.
"ვალერი გელაშვილს სცემეს სასტიკად, მე ის ივლისის ცხელი დღე არასდროს დამავიწყდება, რადგან ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც გაიგო მისი ცემის შესახებ. გელაშვილი ჩვენი პარტიის წევრი იყო, ის გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ ჰქონდა შესაძლებლობა, სპეციალური თვითმფრინავი ჩამოფრენილიყო ლიტვიდან, რომელმაც ის ლიტვაში წაიყვანა, სადაც გაუკეთდა ოპერაცია. სხვა შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ქართველი ექიმები გადარჩენის გარანტიას ვერ აძლევდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოშიც დადასტურდება, რაზეც დღეს პროკურატურა საუბრობს, რომ კოდუას ორგანიზებული იყო და მისი დავალებით მოქმედებდნენ თავდასხმაში მონაწილე პირები. ამ ქვეყანაში ანგარიშსწორება ხდებოდა უსასტიკესი ფორმით, ადამიანებს ქუჩაში, სასაფლაოზე კლავდნენ, ამას აკეთებდნენ მაღალჩინოსნები ან თვითონ ან მათი დავალებით და ეს ქართველი მაღალჩინოსნები კანონის წინაშე უნდა წარდგნენ", - განაცხადა ხიდაშელმა.
ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ასევე დეპუტატის ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის გამოძიება არ არის გაჭიანურებული. მისი თქმით, ამაზე საუბარი ცოტა სასაცილოა, რადგან 2005 წელს ნაცემი გელაშვილის ფაქტი 2014 წელს გაიხსნა.
"გაბრაზებული ვარ წიკლაურის ცემაზეც, თუმცა, ისე არა, როგორც გელაშვილის შემთხვევაში, რადგან გელაშვილი გაიმეტეს სასიკვდილოდ, წიკლაურის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრებოდა. თუმცა, ეს საქმეც უნდა იყოს გამოძიებული," -განაცხადა ხიდაშელმა.