უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშჩენკო მხარს უჭერდს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჩართვით ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებას. "დადგა დრო, გამოვაცხადოთ რუს აგრესორთან საერთო ეროვნული წინააღმდეგობის ორგანიზების შესახებ, მათ შორის სრული მობილიზაციის გზით. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ თავის დაცვა შეგვიძლია და მაშინ მსოფლიო დაგვეხმარება", - აცხადებს იულია ტიმოშჩენკო თანამემამულეებისადმი სპეციალურ მიმართვაში.
ტიმოშჩენკო, როგორც უკრაინის ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს ლიდერს, დაუყონებლივ გამოაცხადონ მესამე დონის სანქციები რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ.
"ასევე ვთხოვ, ყველა მსოფლიო ლიდერს, აღმოუჩინონ უკრაინელ ხალხს პირდაპირი სამხედრო დახმარება, ხალხს, რომელიც თავისუფლებისთვის იღუპება.
აგრესორთან შერიგების დრო დასრულდა, დღეს ჩვენი სამშობლო საფრთხის წინაშეა. აგრესიის გამო, რომელიც გარედან ხორციელდება, უკრაინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის ზღვარზე დგას. საუბარია უკვე არა მხოლოდ უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევაზე, არამედ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაზე. უკრაინის აღმოსავლეთით მოქმედებენ არა უკრაინელი სეპარატისტები, არამედ კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული რუსი დივერსანტები.
მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, უკრაინაში ფაქტიურად, ომია გამოცხადებული. მე ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ არსებული კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარება შეიძლებოდა, მჯეროდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია არ იქნებოდა დაშვებული. დღეს შესაძლოა, უკრაინის დამოუკიდებლობის 23 წლის მანძილზე ყველაზე მძიმე დღეა, თუმცა დროა, მივიღოთ გადაწყვეტილება, აგრესორთან დაზავების დრო დასრულდა."- ნათქვამია მიმართვაში.