არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" განათლების სისტემაში გატარებული რეფორმის ეკონომიკური ეფექტის დადგენით დაინტერესდა. უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემა და მოსწავლეთათვის მათი გადაცემა საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს წარმოადგენდა, რომელიც წარმატებით განხორციელდა. პროექტმა სკოლის მოსწავლეებს საშუალება მისცა განათლება ახლადგამოცემული სახელმძღვანელოებით მიეღოთ, ასევე ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თითოეულ ოჯახს ყოველწლიურად საშუალოდ 300 (სამასი) ლარი დაეზოგა, რომელსაც სახელმძღვანელოების შესაძენად მიმართავდა.
HLF-ი დაინტერესდა რა დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს 2013 წელს აღნიშნული პროექტის განხორციელება და რამდენია გამოყოფილი 2014-15 სასწავლო წლისათვის სასკოლო სახელმძღვანელოების დასაბეჭდად.
სსიპ საგანმანათებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ა/წ 14 მარტს გამოგზავნილი #146041 წერილიდან ირკვევა, რომ 2013-14 სასწავლო წლისათვის 5 819 778 (ხუთიმილიონ რვაას ცხრამეტიათას შვიდას სამოცდათვრამეტი) ცალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 323 630,30(თექვსმეტიმილიონ სამას ოცდასამიათას ექვსას ოცდაათი) ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება 2014-15 სასწავლო წელს, სახელმძღვანელოთა ბეჭდვისა და დარიგებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 000 000 (ცხრამილიონი) ლარია გამოყოფილი.
ორგანიზაცია ზემოაღნიშნული 9 (ცხრა) მლნ ლარის საჭიროებით დაინტერესდა და უწყებისგან შესაბამისი განმარტება ითხოვა. როგორც შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირმა განგვიმარტა, თანხა რამოდენიმე მიმართულებითაა გამოყოფილი. კერძოდ, ყველა პირველკლასელი სწავლას ახალი სახელძღვანელოებით დაიწყებს. გარდა ამისა, შესაბამისი კომისიის მიერ, წინა წელს დაბეჭდილი სახელმძღვანელოების მდგომარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში ექსპლოატაციიდან გამოსული წიგნების ახლით ჩანაცვლდება მოხდება. ბიუჯეტი ითვალისწინებს სახელმძღვანელოების ტრანსპორტირებას საჯარო სკოლებში.
ადამიანი, კანონი, თავისუფლებას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სოციალურ ხასიათს ატარებს, მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური ეფეტის დადგენაც, რადგან, ხშირ შემთხვევაში, სოციალური პროექტების განხორციელება ყოველწლიურ ხარჯებს ზრდის. ორგანიზაცია განმარტავს, რომ პროექტის განხორციელებისათვის საბიუჯეტო ხარჯები შემცირებულია, თუმცა ამ ბიუჯეტიდან რამდენი იქნება დახარჯული უშუალოდ სახელმძღვანელოების დაბეჭდვისთვის, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა შემაშფოთებელია 9 მლნ ლარის გამოყოფა და მიანიშნებს, რომ შესაძლებელია ყოველ წელს პროეტის განხორციელება საკმაოდ ძვირი დაჯდეს.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ თუ 2013 წელს პროექტის განხორციელება, რაც ითვალისწინებდა თორმეტივე კლასის მოსწავლეებისთვის წიგნების ბეჭდვას და სკოლებისთვის გადაცემას (ტრანსპორტირების ხარჯებს) დაჯდა 16 323 630,30 ლარი, ხოლო 2014-15 წლებში სამინისტრო ვარაუდობს, რომ ცვეთა იმდენად მაღალი იქნება, შესაძლებელია სახელმწიფოს პროექტის მეორე ეტაპი მისი დაწყებისას გამოყოფილი თანხის 55% დაუჯდეს.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ეს ნაწილი არ შეესაბამება რეალურ გათვლებს და თუ გამოყოფილი 9 მლნ ლარი იქნება გახარჯული, მისი მიზნობრიობით უნდა დაინტერესდეს აუდიტის სამსახური.
ორგანიზაციის გათვლებით, 9 მლნ ლარიდან მაქსიმუმ 20-25% იქნება საჭირო ახალი სახელმძღვანელოების დასაბეჭდად. შესაბამისად, 2014-15 და შემდეგ სასწავლო წლებში აღნიშნული პროექტის განხორციელება 2-3 მლნ ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთანავე შესამჩნევი ზრდა შესაძლებელია დაფიქსირდეს დემოგრაფიული მდგომარეობის რადიკალური გაუმჯობესების კვალობაზე, რაც ბოლო ათწლეულში არ დაფიქსირებულა.
მივმართავთ განათლების და მეცნიერების სამინისტროს დროულად ჩამოყალიბდეს კრიტერიუმები, რათა არ მოხდეს სახელმძღვანელოების მნიშვნელოვანი ნაწილის ამორტიზება და საბიუჯეტო ხარჯების ხელოვნური ზრდა ავიცილოთ თავიდან.
ამავდროულად, 2014-15 სასწავლო წლის საბიუჯეტო ხარჯების ამ ნაწილში საჭიროა საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი თუ რა ხარჯებს დაუკავშირდება ერთი სასწავლო წლის შემდეგ დამატებით დასაბეჭდი სახელმძღვანელოები. მათ შორის, ერთის მხრივ რა წილი დაიკავა სახელმძღვანელოების ბეჭდვამ პირველკლასელთათვის და მეორეს მხრივ სახელმძღანელოების ცვეთამ.
მასალის გამოყენების პირობები