უკრაინის პრემიერ მინისტრი არსენი იაცენიუკი აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებლებთან ტელეხიდის საშუალებით დიალოგს გამართავს.
„პარასკევს, 11 აპრილს ადგილობრივი დროით 17:20 საათზე, ტელეარხ „დონბასის" ეთერში გაიმართება უკრაინის პრემიერ მინისტრის „დიალოგი აღმოსავლეთთან", _ იუწყება ტელეარხი „დონბასი".
„აღმოსავლეთთან დიალოგის" ტრანსლირება ასევე მოხდება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების სახელმწიფო არხებით.
ამასთან ერთად, რუსული მედია, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ არსენი იაცენიუკი არ აპირებს იმ ადამიანებთან შეხვედრას, რომლებმაც დონეცკის საქალაქო ადმინისტრაციული შენობა ჩაიგდეს ხელში. იაცენიუკი ამ ადამიანებისაგან იარაღის ჩაბარებასა და ადმინისტრაციის შენობის გათავისუფლებას მოითხოვს.
„მე ყველანაირი ძალადობრივი სცენარის წინააღმდეგი ვარ",_ აცხადებს იაცენიუკი და აღნიშნავს: „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შენობის გათავისუფლება ძალადობრივი სცენარის გარეშე განხორციელდეს".