მექსიკაში მიმდინარე საქართველოს კვირეულის ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მექსიკის სენატსა და დეპუტატთა პალატაში გამოფენები "Esplendor de Georgia" (საქართველოს ბრწყინვალება) და "Georgia Espectacular" (სანახაობრივი საქართველო) მოეწყო.
მნახველს საშუალება ჰქონდა ეხილა საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ფოტოების კოლექცია და ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას საქართველოს ბუნებისა და ისტორიული ადგილების ამსახველი ფოტოსურათები.
გამოფენებს ესწრებოდნენ სენატორები, სენატის აპარატის თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.
ღონისძიებებზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკაში მალხაზ მიქელაძე, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტი გილერმო მორფინი და საქართველო-მექსიკის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტი მარტა სოსა გოევა.
მისასალმებელი სიტყვით წარსდგა ასევე სენატის ვიცე-პრეზიდენტი ანა ლილია ერერა ანსალდო. მან სენატის პრეზიდენტის სახელით გამოხატა მზაობა და სურვილი გაღრმავდეს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობა და მიესალმა საქართველოს მხრიდან აქტიურ საგარეო პოლიტიკას. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობას და მეხიკოში საქართველოს საელჩოს აქტიურობას საქართველოს წარმოჩენის პროცესში.
საქართველოს კვირეულის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ლექციების გამართვა თემაზე „მითები, ლეგენდები და ტრადიციები საქართველოდან", რომლის ფარგლებშიც მეხიკოს წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტებს და სენატის წევრებს გააცნობენ ქართულ კულტურას, ისტორიასა და ტრადიციებს.