ყირიმის შემდეგ დონეცკი, ლუგანსკი და ხარკოვი - რუსული დროშა უკვე აღმართულია დონეცკის ადმინისტრაციული შენობის თავზე, რომელიც დემონსტრანტებმა შტურმით აიღეს.
აქტივისტები დონეცკის უკრაინის შემადგენლობიდან გამოყოფას, მანამდე კი, ყირიმის მსგავსად, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ.
ანალოგიური მდგომარეობაა ხარკოვსა და ლუგანსკშიც, სადაც მილიციას დემონსტრანტების შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა.
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში განვითარებული მოვლენები უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა პირად კონტროლზე აიყვანეს.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ლიტვაში ვიზიტი გადადო, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციას უნდა დასწრებოდა.