დღეს, 13:00 საათზე წყნეთში განათლების და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია ბაქსვუდის სკოლის პრეზენტაციას დაესწრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლათა ქსელს მრავალი წელია მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დიდი ბრიტანეთის, ახალი ზელანდიის, იტალიის განათლების სფეროს განვითარებაში.
ბაქსვუდის სკოლის გახსნის იდეა საქართველოში წელს მას მერე გაჩნდა, რაც სამინისტრომ ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, ბაქსვუდის სკოლა თავის მთავარ პარტნიორად აირჩია.
პარტნიორობის შედეგად, წელს საქართველოში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლებში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულმა 1000 მოსწავლემ უკვე გაიარა ინგლისური ენის ინტენსიური კურსი, მათგან საუკეთესონი კი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრნენ.
ბრიტანული საგანმანათლებლო დაწესებულება გაიხსნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე, რომელიც 2000 წლიდან წარმატებულად ფუნქციონირებს საქართველოში.