5-7 აპრილს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ეწვევა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გენერალური მდივნის ვიზიტი ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.
ვიზიტის ფარგლებში ტალებ რიფაი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, აგრეთვე ოფიციალურად გახსნის დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტისადმი მიძღვნილ შემაჯამებელ კონფერენციას. აღნიშნული პროექტი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდითა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით განხორცილდა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნას.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაციაში გენერალურ მდივანთან ერთად წარმოდგენილი იქნება ევროპის რეგიონული პროგრამის კოორდინატორი ბატონი ბექა ჯაყელი.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ჩამოვა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილი.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოს დაეხმარება ტურიზმის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების მიმართულებით.