დღეს, 19 მარტს, ჯგუფი URIAH HEEP -ი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს. ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია "ლოკომოტივ პრომოუშენი", რომელიც საქართველოში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი როკ-ჯგუფების ჩამოყვანის მიზნით შეიქმნა. ბილეთის ფასი 50 ლარიდან იწყება და მათი დიდი ნაწილი გაყიდულია.
დღეს, 12:30 საათზე, გაიმართება პრესკონფერენცია სასტუმრო "ვერე პალასში". როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ჯგუფის წევრები ქართულ კულტურას გაეცნობიან და თბილისს დაათვალიერებენ.
URIAH HEEP -ი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ჯგუფია როკ-მუსიკის ისტორიაში და მელოდიური პროგრესივ როკის ფუძემდებლებად მიიჩნევა. 40-წლიანი ისტორიის განმავლობაში მათ არაერთი ღირსშესანიშნავი ნამუშევარი ჩაწერეს, მათ შორის 2008 წელს გამოშვებული ალბომი Wake The Sleeper. სწორედ ამ ალბომის მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა ჯგუფი თბილისს და 19 მარტს ქართველი მაყურებლის წინაშე ყველა ცნობილ ჰიტს შეასრულებს.