ხვალ, 26 მარტს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში მწერლის გურამ დოჩანაშვილის დაბადებიდან 75 წლის იუბილე აღინიშნება.
გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლი რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა დადგა.
აღნიშნულ სპექტაკლს დაესწრება გურამ დოჩანაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშილი.
განსაკუთრებული ღვაწლისთვის საიუბილეო საღამოს გურამ დოჩანაშვილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული პრემია „ხელოვნების ქურუმი"გადაეცემა.
XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი პროზაიკოსის, გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" სცენურ ვერსიაში სრულიად არის შენარჩუნებული ავტორისეული პათოსი: ადამიანი წარმოსახვის, ფანტაზიის, კულტურული ფასეულობების გარეშე კარგავს თავის ძალას და უაზრო პრაგმატიზმის ამარა რჩება. ვასილ კეჟერაძის ატელიეში მაყურებელთა თვალწინ იშლება ერთგვარი ირეალური თუ იდეალური სამყაროს მოდელი, სადაც დიდი ლიტერატურის გმირები ცხოვრობენ. აქ შესაძლებელი ხდება ადამიანთა სულიერი აღზრდა და ვითომდა სოციოლოგ- მკვლევარების ვიწრო ჩინოვნიკური არსებობისათვის ნიღბის ჩამოხსნა. აქ მათი ნამდვილი სახის გაქილიკებაც არის შესაძლებელი. სპექტაკლის ავტორთა სურვილია, რაც შეიძლება მრავლად იყვნენ ქვეყნად კაცები, რომელთაც ძლიერ უყვართ ლიტერატურა.