25 მარტს ციურიხში შვეიცარიულ-ქართული ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორი ციურიხის საინვესტიციო საბჭოა. ამის შესახებ ჰააგაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ დიდიე ბურკჰალტერთან დღეს გამართული შეხვედრის დროს აღინიშნა. საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კი, ქართული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას უახლოეს მომავალში მოეწეროს ხელი ინვესტიციების შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებას.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს, ისაუბრეს თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკურ, ისე საგანმანათლებლო-კულტურულ და უსაფრთხოების სფეროებში.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დაწყებულია აქტიური კონსულტაციები შვეიცარიულ მხარესთან რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით.
შვეიცარიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2009 წლიდან შვეიცარიას აქვს განსაკუთრებული მანდატი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების საკითხებში და ასრულებს მედიატორის ფუნქციებს. მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს საქართველოს ინტერესთა სექცია, ხოლო თბილისში შვეიცარიის საელჩოში - რუსეთის ინტერესთა სექცია.