უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა „ბი-ბი-სის" უკრაინული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ როვნოში „პრავი სექტორის" აქტივისტი ალექსანდრე მუზიჩკო მოკლეს. რომელიც „საშკო ბელის" ზედმეტი სახელით იყო ცნობილი.
მუზიჩკოს მკვლელობის შესახებ „ფეისბუკის" თავის გვერდზე განცხადება უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ოლეს დონიიმ და რამდენიმე უკრაინელმა ჟურნალისტმა გააკეთეს. მოგვიანებით მკვლელობის ფაქტი უკრაინის შს სამინისტროს დაადასტურა.
მომხდარის ვერსიები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მუზიჩკო ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად არის გარდაცვლილი. ერთ ერთი ვერსიით მას ტყვია თავში აქვს მოხვედრილი, მეორე ვერსიით კი - გულში.
აღსანიშნავია, რომ საშკო ბელის რუსეთში დაუსწრებლად პატიმრობა აქვს მისჯილი. მას ბრალად ჩეჩნეთის პირველი ომის დროს რუსი ჯარისკაცების წამება აქვს წაყენებული.
თავად მუზიჩკო ყველა ბრალდებას უარყოფდა. უკრაინისა და რუსეთის პროკურატურებში არსებული საქმის მასალების მიხედვით, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, 1994 წელს მუზიჩკო უნა-უნსოს ჯგუფს „ვიკინგს" ხელმძღვანელობდა და შამილ ბასაევთან ერთად იბრძოდა. ამავე დროს, ის იყო ჯოჰარ დუდაევის დაცვაც. სისხლის სამართლის ყველა საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიაზე იყო აღძრული მოგვიანებით დაიხურა.