საქართველოს მაისში საფრანგეთის პრეზიდენტი ეწვევა - ფრანსუა ოლანდისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში დღეს გაიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კმაყოფილება გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გამო და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა ორი ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების.
შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხზებზე იმსჯელეს. აღნიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა საკმაოდ აქტიური და მჭიდროა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში საფრანგეთის როლზე. ფრანგული მხარის სურვილია, უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, რაც უკვე გამოიხატა ვილნიუსის სამიტზე ერთობლივი დეკლარაციის მიღებისას.
პრემიერმა ფრანსუა ოლანდს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებისა და არსებული ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გამოითქვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2014 წლისათვის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ოფისის გახსნა იგეგმება.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მასალის გამოყენების პირობები