საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების მიმართ შვედეთის მხარდაჭერა დაადასტურეს საქართველოში ვიზიტად მყოფმა შვედეთის პარლამენტის წევრებმა დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან გამართულ შეხვედრაზე.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებასა და საგარეო საფრთხეების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებით ამ ბოლო დროს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე გამოიკვეთა.
შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავაც ერთგული რჩება ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების და ურყევია მისი სურვილი ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების, ვინაიდან ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. აქვე ცალსახად აღინიშნა, საქართველოში არსებობს დიდი მოლოდინი იმისა, რომ ამ გზაზე პროგრესი ხელშესახები იქნება.
განსაკუთრებული ყურადღება შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხებსაც დაეთმო.