ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენთან"' საუბარში აცხადებს, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება გარკვეულწილად რისკის შემცველია. როგორც საკითხის კომენტირებისას გოგოლაშვილი აცხადებს აღნიშნულმა ფაქტმა, შესაძლოა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა შეაფერხოს.
,,რამდენიმე ფაქტი ვნახეთ, როცა პროკურატურა, სასამართლომ სწორად არ იმოქმედა. ამიტომ ასეთი სისტემის არსებობის შემთხვევაში პროკურატურის მხრიდან რაიმე გადაცდომა რომ მოხდეს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, დაგვემუქრება საფრთხე, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი ვერ მოვაწეროთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით. ეს რისკი ნამდვილად არსებობს, ამიტომ ჯობს რისკი თავიდან ავიცილოთ და მსგავსი ტიპის თამაშებს ამ ეტაპზე თავი დავანებოთ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გოგოლაშვილმა.
მისივე განმარტებით, ქართული მართლმსაჯულების სისტემის მიმართ სრული გამჭვირვალობა და ნდომა რომ არსებობდეს, ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარება რისკის შემცველი არ იქნებოდა.
,, ის რომ მოქალაქემ, ყოფილმა პრეზიდენტმა ჩვენებმა უნდა მისცეს ასეც უნდა იყოს და ეს ხდება კიდეც ევროპის სახელმწიფოებში, მაგალითად, საფრანგეთში, მაგრამ იქ ხალხი დარწმუნებულია მართლმსაჯულების სისტემის სრულ ტრანსფარანტულობაში, ჩვენ კი ამაში დარწმუნებული არ ვართ. ამიტომ არავის ვურჩევდი ასეთ სარისკო საქმეებს მოკიდონ ხელი, დაკითხონ ყოფილი პრეზიდენტი და ამას კიდევ შემდგომი გართულებები მოყვეს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კახა გოგოლაშვილმა.