ოპოზიციონერი დეპუტატი კარლო კოპალიანი მის მიმართ სატელეფონო მუქარებზე საუბრობს.
"წინა კვირას გამართული ბრიფინგის შემდეგ, რომელზეც განვაცხადე, რომ ხელი მეშლება დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებაში, ჩემი და მისი ახლობლების ტელეფონებზე ხორციელდება მუქარის ზარები", - განაცხადა კოპალიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესაც მიმართავს და მას სთხოვს, პირადად ჩაერიოს იმაში, თუ რატომ არ ხდება ტელეკომპანია "მე-2" არხის მიერ მისი და დეპუტატ გია ცაგარეიშვილის ბრიფინგების გაშუქება.
"მემურანდუმი, რომელსაც "მე-2" არხის ხელმძღვანელობასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ხელს, ერთნაირად ეხება პარლამენტის ყველა წევრს. ჩვენ აღნიშნულის თაობაზე წერილით უკვე მივმართეთ NDI-ს ოფისს, საიდანაც პასუხს უახლოეს ხანში ველოდებით", - განაცხადა კოპალიანმა.