საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მდინარე ფსოუზე მდებარე საქართველო-რუსეთის საზღვარზე შეზღუდვების შესაძლო მოხსნის შესახებ განმარტებას აკეთებს. როგორც საკითხის კომენტირებისას მინისტრი აცხადებს, აღნიშნულის შესახებ ჯერჯერობით, საგარეო უწყებას დაზუსტებული ინფორმაცია არ გააჩნია, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
,, ეს ინფორმაცია რუსეთის მხრიდან ვრცელდება და მისასალმებელია თუკი სიმართლეს შეესაბამება. ეს არის თემა, რომელიც შსს დადასტურებას მოითხოვს. ჯერჯერობით, საშუალება არ გვაქვს, რომ გადავამოწმოთ, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია მართალი აღმოჩნდება", _აცხადებს მაია ფანჯიკიძე.
შეგახსენებთ, რომ მდინარე ფსოუზე მდებარე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებაზე ყველა შეზღუდვა მოიხსნა. განცხადება ამის შესახებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის პრესდივანმა კრიტიან ბჟანიამ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან და პარაოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით დაწესებული ყველა შეზღუდვა ამჟამად მოხსნილია და გადაადგილება შეუფერხებლად შეიძლება.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული რეჟიმი 7 იანვრიდან იყო შემოღებული.