"ლეიბორისტული პარტიის" ინიციატივით, 22 მარტს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება.
ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
"ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით "იმედის" ეთერში სააკაშვილის რეჟისორობით გასულმა სიუჟეტმა რეალური ვითარება სრულიად შეცვალა და აუცილებელი გახადა სასწრაფო კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებს შორის. სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს, ქვეყანაში სიტუაცია დაძაბოს, რადგან ეს ყველაზე მეტად მას აწყობს",- აღნიშნა ნათელაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, შეკრებასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები უკვე შედგა და 22 მარტის შეხვედრას საქართველოში მოქმედი ყველა კვალიფიციური ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დაესწრება, მათ შოროს "ქრისტიან-დემოკრატებიც".