უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის გათავისუფლებისთვის ბრძოლის შესახებ დეკლარაცია მიიღო - ამ გადაწყვეტილებას სასესიო დარბაზში დარეგისტრირებული 303 დეპუტატიდან 274 -მა დაუჭირა მხარი. დეკლარაციისთვის მხარი არ დაუჭერია კომუნისტურ პარტიას სრული შემადგენლობით. „რეგიონების პარტიიდან" კი მას მხარი მხოლოდ 29 დეპუტატმა დაუჭირა.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ უმაღლესი რადა მსოფლიო მთავრობებისა და პარლამენტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უკრაინელი ხალხი არასოდეს აღიარებს თავისი განუყოფელი ნაწილის - ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსიას რუსეთის მიერ, რომელიც სარეთაშორისო ნორმების უხეში დარღვევით განხორციელდა.
უმაღლესი რადა ასევე მიმართავს მსოფლიო საზოგადოებას დაჟინებული თხოვნით ნუ აღიარებენ ე.წ. ყირიმის რესპუბლიკას, ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის შესვლას რუსეთის ფედერაციის შემადგელობაში.
უკრაინელი ხალხის სახელით უმაღლესი რადა აცხადებს, რომ ყირიმი იყო არის და იქნება უკრაინის შემადგენლობაში და უკრაინელი ხალხი არასოდეს და არავითარ პირობებით არ შეწყვეტს ბრძოლას ყირიმის ოკუპანტებისაგან გასათავისუფლებლად, როგორი ხანგრძლივი და მძიმეც არ უნდა იყოს ეს ბრძოლა.
დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა გამომწვევა დაარღვია არამხოლოდ მოქმედი კანონმდებლობა, არამედ მთელი საერთაშორისო სამართლის ნორმები.