დღეიდან, 20 მარტიდან 22 მარტის ჩათლით საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით იგეგმება ქუვეიტური კომპანია „Agility Logistics"-ის წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი საქართველოში. დელეგაციას „Agility Logistics"-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბორენე ბენმენა უხელმძღვანელებს.
აღნიშნული ვიზიტი საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და „Agility Logistics"-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტარეკ სულტანის დავოსის 2014 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრისას დაიგეგმა.
დღსვე ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სამუშაო შეხვედრები საქართველოს ვიცე პრემიერთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელთან, გიორგი პერტაიასთან, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი ბაჩიაშვილთან და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორთან, მამუკა ბახტაძესთან.
ხვალ, 21 მარტს დელეგაციის წევრები ასევე ესტუმრებიან ბათუმის და ფოთის პორტებსა და საკონტეინერო ტერმინალებს, სადაც ადგილზე გაეცნობიან საქართველოში ლოგისტიკურ სექტორში არსებულ ტენდენციებსა და ინვესტირების შესაძლებლობებს.
გლობალური ლოგისტიკური კომპანია "Agility Logistics " -ის ძირითადი საქმიანობა მოიცავს საექსპედიტორო, სატრანსპორტო, სასაწყობო და მომარაგების ჯაჭვის მართვის მომსახურებებს. „Agility Logistics"-ი 100-ზე მეტ ქვეყანაში 500-მდე ოფისს ფლობს და დაახლოებით 22,000 ადამიანს ასაქმებს.