2014 წლის 18 მარტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ხულოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან და თემის რწმუნებულებთან.
შეხვედრის მიზანი იყო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N 5 დადგენილების გაცნობა.
დადგენილება შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის შესწავლის, შეფასების და მათთვის დახმარების აღმოჩენის ზოგად წესს. ამ მიზნით თვითმმართველ ერთეულებში უკვე შეიქმნა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიები.
სამინისტროს წარმომადგენლებმა მსგავსი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართეს ხელვაჩაურის, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში. ხვალ შეხვედრა გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტში.