საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურორს დაიწყოს გამოძიება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ბრალდებულ ბ.კ-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბარში ბრალდებულმა ბ.კ-მ განმარტა, რომ 2013 წლის 02 დეკემბერს დილის 06 საათზე მეგობართან ერთად მიემგზავრებოდა თბილისში, რა დროსაც ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავ სამარშრუტო ტაქსს გადაეღობა ორი ავტომობილი, საიდანაც გადმოვიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები (ერთ-ერთი იყო უბნის რწმუნებული) და მოთხოვეს მას და მის მეგობარს სამარშრუტო ტაქსიდან გადასვლა. მათ არ განუმარტეს, რის საფუძველზე აკავებდნენ, იძულებით გადაიყვანეს სამარშრუტო ტაქსიდან და ცალ-ცალკე ჩასვეს ავტომანქანებში. დაკავებულები გადაიყვანეს შსს-ს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, სადაც შეიყვანეს სხვადასხვა ოთახებში, არ მისცეს არც ოჯახის წევრებთან და არც ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა.ბ.კ-მ შეხვედრისას აღნიშნა, რომ სამმართველოს შენობაში იმყოფებოდა თითქმის 24 საათის განმავლობაში და მთელი ამ პერიოდის მანძილზე მასზე ხორციელდებოდა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. ბ.კ-მ განმარტა, რომ მის ცემაში მონაწილეობდა პოლიციის 5-6 თანამშრომელი რომლებიც მას ღირსების შემლახავი მეთოდებით აიძულებდნენ ეღიარებინა ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ლომბარდის გაქურდვის ფაქტი. აღნიშნულს დაკავებული დათანმხმდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღო დაპირება, რომ მის მეგობარს - ზ.ზ-ს გაათავისუფლებდნენ. ზ.ზ მისი აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ მოგვიანებით მართლაც გაათავისუფლეს.საქმესთან დაკავშირებით შესწავლილი დოკუმენტაციიდან ირკვევა რომ ბ.კ-ს ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში მიყვანის დროს მართლაც აღენიშნებოდა დაზიანებები. ბ.კ-ს მიმართ განხორციელებულ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს მისი მეგობარი ზ.ზ-ც.საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ქმედებები შესაძლოა შეიცავდეს სქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც წინადადებით მიმართავს მთავარ პროკურორს დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით", _ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები