განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა.
შაშკინის განცხადებით, შეკითხვები ძირითადად აგრარული უნივერსიტეტის ქონების პრივატიზაციის თემას ეხებოდა.
,, ვეცადე გამომძიებლებისთვის ამეხსნა, რომ ეს არ იყო პრივატიზაციის პროექტი, ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია განათლების სისტემაში, რომელის შედეგად მივიღეთ თანამედროვე უნივერსიტეტი სადაც, დაახლოებით, 4000 სტუდენტი სწავლობს", _განაცხადა შაშკინმა.
მისივე განმარტებით, გამომძიებლები დაინტერესდნენ რა მიზეზი ჰქონდა კახა ბენდუქიძეს, რომ განეხორციელებინა მსგავსი ინვესტიცია.
,,გამომძიებლები დაინტერესდნენ, რა მიზეზი ჰქონდა კახა ბენდუქიძეს ამ ინვესტიციის განხორციელებს უნივერსიტეტში. ძალიან რთულია ასეთ შეკითხვებზე პასუხი. ყველა ადამიანისთვის ცნობილია, რომ კახა ბენდუქიძემ გააკეთა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი. ეს არ არის ბიზნეს-კომპანია. ეს ემსახურება ჩვენი ახალგაზრდების განათლებას და კახა ბენდუქიძე წარმატებული ადამიანია ამ სივრცეში", - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.
შეგახსენებთ, რომ შაშკინი პროკურატურაში 11:00 საათიდან იკითხებოდა. საგამოძიებო უწყების განცხადებით, საქმე ეხება „საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის" ბალანსზე აღრიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებისას „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით ,,სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის'' არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციასა და მასთან შერწყმული საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შპს ,,აგრომეტის'' კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შეტანას, შემდეგ კი შპს ,,აგრომეტის''100% წილის 5 150 000 აშშ დოლარად პრივატიზებას 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით.
მაშინ, როდესაც შპს ,,აგრომეტის'' საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონებების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. ცნობისათვის, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე განთავსებული 59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 790 000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59 000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად), ანალოგიური გზით შემცირებული იქნა სხვა ქონებების ღირებულებებიც. ამავე საქმეზე პროკურატურაში იკითხება ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძეც.
მასალის გამოყენების პირობები