სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსანს მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მოსამართლემ ერთ-ერთი ბრალდებული რუსლან შემახია გაათავისუფლა.
დანარჩენ ბრალდებულებს დავით ჩაგინავას, კოხტა კოდუას კობა თოდუას 9 წლით, ირაკლი ახალაიას 2 წლითა და 3 თვით, გურამ ჭითანავას - 6 წლით, გიორგი ბულიას - 6 წლით, თემურ უბირიას - 7 წლითა და 6 თვით, პაატა ქირიას - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
შეგახსენებთ, რომ სამალავების საქმეზე ბრალდებული სულ 13 პირი იყო, მათგან ორმა გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები შსს-მ გასული წლის ივნისში დააკავა.
მათ გამოძიება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, სექსუალურ ძალადობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. ბრალდებულთაგან ორი - მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა ამ დრომდე იძებნებიან, 9 პირს კი წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.
შსს-მ სამეგრელოში დიდი ოდენობით აღურიცხავი იარაღი, ნარკოტიკული ნივთიერებები და ფარული ჩანაწერები გასული წლის გაზაფხულზე აღმოაჩინა.