განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროკურატურაში გამოცხადდა. როგორც შაშკინმა ჟურნალისტებთან განმარტა იგი მზადაა გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.
,, სულ ორ წელიწადში გაფარჩაკებული, განადგურებული, გაპარტახებული, კორუმპირებული სასოფლო უნივერსიტეტი გარდაიქმნა ევროპული სტილის უნივერსიტეტად, რომელიც ახლა არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია სტუდენტებში. საკმარისია შეხვიდეთY ამ უნივერსიტეტში, გაესაუბროთ სტუდენტებს, ნახოთ როგორ სწავლობენ, რა აურაა უნივერსიტეტში და მიხვდებით, რომ ეს წარმატებული პროექტია, ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, არის მოგება, რომელიც სახელმწიფომ ამ კონკრეტული გარიგებით ნახა და რომელიც, დაახლოებით, 25 მილიონ ლარს შეადგენს და ყოველწლურად ამას ემატება სამი მილიონი ლარი", _განაცხადა შაშკინმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება „საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის" ბალანსზე აღრიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებისას „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით ,,სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის'' არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციასა და მასთან შერწყმული საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შპს ,,აგრომეტის'' კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შეტანას, შემდეგ კი შპს ,,აგრომეტის''100% წილის 5 150 000 აშშ დოლარად პრივატიზებას 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით.
მაშინ, როდესაც შპს ,,აგრომეტის'' საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონებების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. ცნობისათვის, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე განთავსებული 59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 790 000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59 000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად), ანალოგიური გზით შემცირებული იქნა სხვა ქონებების ღირებულებებიც. ამავე საქმეზე პროკურატურაშია დაბარებული ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძეც.