დღეს, 18 მარტს, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, საქართველოს საპატიო კონსულის კლაუს ჰიპპის ინიციატივით, ქართულ-გერმანული ეკონომიკური ფორუმი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ფრანკფურტის ქართულ-გერმანული ეკონომიკურ-კულტურული ასოციაცია, მხარდამჭერი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. ფორუმი „კომერცბანკის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ჰესენის მიწის ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრები,ფრანკფურტის მერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, თანაინვესტირების ფონდისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება B2B შეხვედრები ქართულ და გერმანულ კომპანიებს შორის შემდეგი სექტორებიდან: სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება და მშენებლობა, ალტერნატიული ენერგია, ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ბანკები და ფინანსები. ქართულ და გერმანულ კომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები წინასწარ დაიგეგმება საქმიანობის სფეროდან და ინტერესებიდან გამომდინარე.
სავაჭრო სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ბიზნესფორუმში მონაწილეობის საფასური 160 ევროა, რაც ფარავს ფორუმში მონაწილის სამჯერად კვებას, საკონფერენციო სივრცისა და თარგმნის საფასურს.